დავიწყებ იქედან, რომ თუ თქვენ ცხოვრობთ მრავალსართულიან კორპუსში და გაქვთ აივანი ნუ ეცდებით თქვენი აივანი განსხვავდებოდეს მოაჯირის ფორმით ან კედლის ფერით სხვა დანარჩენისაგან. თუნდაც თქვენი აივანის მოაჯირი გაცილებით უფრო ლამაზი ორნამენტებით იყოს დამშვენებული, ეს უაზრო ფულის ხარჯვაა და თქვენს უგემოვნობაზე ილაპარაკებს, უფრო მეტიც თქვენც და თქვენი აივანიც სასაცილოდ გამოჩნდებით კორპუსის საერთო ფონზე. და ნურასოდეს შეღებავთ აივანის კედლებს და მის მიმდებარე ტერიტორიას განსხვავებული ფერით. უმჯობესია ის გამოირჩეოდეს სხვებისაგან იმით, რომ იყოს კარგად შეღებილი და გამოიყურებოდეს ესთეთიურად სასიამოვნოდ. დაიმახსოვრეთ ერთი რამ ბალკონი არაა საწყობი ან გარაჟი სადაც შეიძლება ძველი გამოუსადეგარი ნივთები გეწყოთ. გაფუჭებული მაცივარი ან ძველი სამზარეულოს კომოდი ჯობია მოაშოროთ. ძალიან ულამაზოდ გამოიყურება აივანი სადაც ცელოფანის ან ბრეზენტის ფარდაა ჩამოფარებული, ეს "ფარდა" უბრალოდ უფუნქციო და ერთადერთს რასაც ის აკეთებს აუშნოვებს თქვენს აივანს და მთელი სახლის ხედს, მოაშორეთ ეს სიმახინჯე თქვენს აივანს. და რა უბედურებაა ათასგვარი გისოსები აივანის მოაჯირზე, მითუმეტეს რომ თბილისი ერთერთი უსაფრთხო ქალაქია ევროპაში.
რაც შეეხება მოაჯირის ფერს, ფერებიდან უმჯობესია შეარჩიოთ შავი ან მუქი მწვანე ფერი. ეს ფერები ყველაზე უფრო უხდება მეტალის მოაჯირს და ფასადის კედელის ნებისმიერ ფერთანაც ჰარმონიაში მოდის. ძალიან ნუ გადატვირთავთ მეტალის მოაჯირს სხვადასხვა ორნამენტებით, დაიმახსოვრეთ სილამაზე უბრალოებაშია.
მაშ ასე მე ვილაპარაკე იმაზე, რომ ბალკონს უნდა მოვაშოროთ ყველანაერი "ნაგავი". დაიმახსოვრეთ ბალკონიც ისეთივე შემადგენელი ნაწილია თქვენი ბინის, როგორც საძინებელი, სასტუმრო და სამზარეულო ოთახები და ასევე სჭიდერბა სილამაზე და კომფორტულობა. მას შემდეგ რაც გავცალეთ ჩვენი აივანი, რა დავდოთ მასზე? თუ თქვენი აივანი ძალიან პატარაა დადგით იქ სავარძელი ერთი ან ორი, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები:
თუ აივანის ფართობი გაძლევთ ამის საშუალებას, შეარჩიეთ აივნისათვის პატარა დიამეტრის მრგვალი მაგიდა და სკამები, სასურველია ორი, მაქსიმუმ ოთხი. დადგით ისინი ერთ მხარეს. ეცადეთ იმ მხარეს, რომლისკენაც კარები არ იღება. მეორე მხარეს დაალაგეთ ყვავილის ქოთნები, მცირე და საშუალო ზომის. ან შეიძინეთ დასაკიდებელი საყვავილეები. შეგიძლიათ დადგათ ველოსიპედი-საყვავილე რაც ძალიან უხდება აივანს (მისი შეძენა შეგიძლიათ "სუპერში" და სხვა მარკეტებში).
თუმცა ეს ყველაფერი დოგმა არ არის შეგიძლიათ ისე დაალაგოთ ეს ყველაფერი როგორც თქვენი გემოვნება გკარნახობთ.
|